Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2024 წლის 5-8 მარტს გაიმართა ისლანდიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

2024 წლის 5-8 მარტს, გაიმართა ისლანდიის პრეზიდენტის გუდნი იოჰანესონის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი პირველ უმაღლესი დონის ვიზიტს წარმოადგენდა საქართველო-ისლანდიის ორმხრივ ურთიერთობებში და ამდენად, ისტორიულ მნიშვნელობას ატარებდა.

პრეზიდენტს თან ახლდა ბიზნეს-დელეგაცია, რომელსაც გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და კლიმატის მინისტრი გულდაუგურ თორ თორდარსონი ხელმძღვანელობდა. 11-კაციან ბიზნესდელეგაციას, ძირითადად, მწვანე ენერგიის მიმართულებით მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლები შეადგენდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და ისლანდიის პრეზიდენტს გუდნი იოჰანესონს შორის შეხვედრა გაიმართა.

6 მარტს, შედგა შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.

6 მარტს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ უმასპინძლა ბიზნეს მრგვალ მაგიდას, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ისლანდიის პრეზიდენტმა გახსნეს.

7 მარტს, პრეზიდენტი, თანმხლებ დელეგაციასთან და ვიცე-პრემიერ დავითაშვილთან ერთად, ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგურს ეწვია, რომელიც ისლანდიური კომპანიის “Landsvirkjun“ პირველ უცხოურ ინვესტიციას წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, გუდნი იოჰანესონმა პატივი მიაგო და გვირგვინით შეამკო გმირთა მოედანზე მდებარე, ომში დაღუპულთა მემორიალი.

ამასთან, გუდნი იოჰანესონი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისს ეწვია.

პრეზიდენტმა საჯარო ლექცია წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ასევე უნივერსიტეტის რექტორსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, გუდნი იოჰანესონმა მოინახულა მისი ქართველი მეგობრის, ისლანდიური ენის მცოდნე ლინგვისტის, გრიგოლ მაჭავარიანის საფლავი, სადაც მეგობრობის ნიშნად ისლანდიიდან ჩამოტანილი სამახსოვრო ქვა განათავსა.