Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ნატა მენაბდე

დაბადების თარიღი

1960 წლის 27 მაისი

პროფესიული გამოცდილება

ნატა მენაბდე დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ელჩად 2022 წლის იანვარში დაინიშნა. (2022 - დღემდე)

ნატა მენაბდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (გაერო) ხანგრძლივი და წარმატებული დიპლომატიური კარიერით გამოირჩევა. გლობალურ ჯანდაცვაში, ჯანდაცვის დიპლომატიასა და ჯანდაცვის სისტემაში მისი გამოცდილება 30 წელზე მეტს ითვლის და გლობალური ჯანდაცვის ლიდერად ითვლება. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც სახელმწიფო, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე საქმიანობას აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1987 წლიდან, ნატა მენაბდე მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე როგორც  საქართველოს საჯარო სამსახურში, ასევე გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (ჯანმო, WHO). 

დანიასა და ისლანდიაში ელჩად დანიშვნამდე, მსახურობდა გაეროში ჯანმო-ს ოფისის აღმასრულებელ დირექტორად ნიუ-იორკში (2015-2021) და უძღვებოდა ჯანმო-ს აქტივობებს გაერო-ს სისტემის მდგრადი განვითარების დღის წესრიგში ჯანმრთელობის მიმართულებით. ამ პერიოდში, მან ჩამოაყალიბა ეფექტური გლობალური, დიპლომატიური, პოლიტიკური, მრავალსექტორული პროფესიული ქსელები და კოალიციები, აქტიურად იყო ჩართული გაერო-ს სახელმწიფოთაშორისი ორგანოების განხილვებში, გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებში. ნატა მენაბდეს მიღწევათა შორის აღსანიშნავია გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური გლობალური ჯანდაცვისა და საგარეო პოლიტიკის რეზოლუციების მიღება, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ჯანდაცვის მიმართულებით გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრების უპრეცედენტო რაოდენობას შემდეგი მიმართულებით:

-       ანტიმიკრობულო რეზისტენტობა (AMR) (2016)

-       ტუბერკულოზი და არაგადამდები დაავადებები (2018)

-       საყოველთაო ჯანდაცვა (2019).

ნატა მენაბდე ჩართული ოყო ჯანდაცვის სფეროში დასაქმებისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებისადმი მიძღვნილი გაერო-ს გენერალური მდივნის უმაღლესი დონის კომისიის შექმნასა და მუშაობაში, მონაწილეობდა გაერო-ს გენერალური მდივნის მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მაღალი დონის პანელის მუშაობაში, როგორც საკონსულტაციო ჯგუფის წევრი (2016).

ნატა მენაბდეს პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობით მიღებული იქნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია ებოლას ეპიდემიაზე რეაგირების კუთხით, ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმების წინააღმდეგ და წვლილი შეიტანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაში, ტერორიზმის წინააღმდეგ გაერო-ს გენერალური მდივნის  უმაღლესი დონის სამუშაო ჯგუფის აქტივობებში.

ელჩი მენაბდეს კარიერა მოიცავს სხვა მნიშვნელოვან და მაღალ თანამდებობებსაც. როგორც ჯანმო-ს მისიის ხელმძღვანელი ინდოეთში (2010-2015), იგი ხელმძღვანელობდა ათასობით პროფესიონალთა ერთობლივ ძალისხმევას ინდოეთში - სამთავრობო დონეზე ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში. ამ პერიოდში მიღწეულ იქნა უდიდესი წარმატება მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში, რომელშიც ნატა მენაბდემ მნიშვნელოვანი პირადი წვლილი შეიტანა და ინდოეთმა აღმოფხვრა პოლიომიელიტი.

ჯანმო-ს ევროპის ბიუროს რეგიონული დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას (2002-2010), ნატა მენაბდე წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონულ დონეზე საქმიანობას ჯანდაცვის სისტემების ურთიერთკავშირზე ჯანმრთელობასთან და ეკონომიურ კეთილდღეობასთან, რაც წარმატებით დასრულდა 2008 წელს ტალინის ევროპული ქარტიის მიღებით. იმავე პერიოდში ნატა მენაბდე ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოპერაციებს ევროპის 35 ქვეყანაში, მათ შორის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციის სამუშაოებს (ინიციატივა „მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“ ბალკანეთის ქვეყნებში).

საქართველოში ნატა მენაბდეს პროფესიული გამოცდილება, ძირითადად, მოიცავდა კლინიკურ და გამოყენებით ფარმაკოლოგიურ (ფარმაკოგენეტიკის) კვლევებს, აგრეთვე ჯანდაცვის სისტემების ინსტიტუციურ გაძლიერებას სიღარიბისა და ომის პირობებში. იგი ასევე ხელმძღვანელობდა ჰუმანიტარულ ოპერაციებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში 1991-1993 წლების პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კრიზისების პერიოდში. 

განათლება

ელჩმა ნატა მენაბდემ  წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი (1983), შემდგომში მიენიჭა სამეცნიერო ხარისხი კლინიკურ ფარმაკოლოგიაში სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის მიერ (1987); მოიპოვა თომას ჯეფერსონის სტიპენდია ჯანმრთელობის მენეჯმენტსა და ლიდერობაში (აშშ, 1993), შეისწავლა ჯანდაცვის ეკონომიკა იორკის უნივერსიტეტში (გაერთიანებული სამეფო, 1994). ასევე სწავლობდა  საზოგადოებრივ ჯანდაცვას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკანდინავიურ კოლეჯში, შვედეთში.

მიღწევები

მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ მაღალი დონის, მათ შორის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მთავარი მომხსენებლის რანგში, ევროკომისიის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ჯანმრთელობის სისტემების კვლევის გლობალური სიმპოზიუმის, Nuffield Trust-ის (დიდი ბრიტანეთი), National Geographic-ის, Economic Times-ის, British Medical Journal Awards-ის, Oxford India Summit-ის, ევროპული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ასოციაციის (EUPHA), გაშტაინის ევროპული ჯანდაცვის ფორუმის (ავსტრია) და სხვა წამყვანი ორგანიზაციების ღონისძიებებში.

ჯილდოები

ქართული მედიცინის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტმა 1997 წელს ნატა მენაბდე ჯანდაცვის სფეროში უმაღლესი ეროვნული ჯილდოთი - ზაზა ფანასკერტელის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

2018 წელს ელჩმა მენაბდემ მიიღო ჯილდო ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში ბრწყინვალებისთვის - ფსიქიკური ჯანმრთელობის კომიტეტისგან (არასამთავრობო ორგანიზაცია გაერო-სთან საკონსულტაციო სტატუსში), ასევე ქალი ელჩების ჯილდო ლიდერობისთვის - გაერო-ში ქალთა სტატუსის კომიტეტისგან (არასამთავრობო ორგანიზაცია).

დიპლომატიური რანგი