Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატა მენაბდე

Contact info

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისლანდიას შორის დამყარდა 1992 წლის 21 სექტემბერს.

2008 წლიდან დღემდე ისლანდია საქართველოს ფარავს რეიკიავიკიდან.

1999-2006 წლებში საქართველოს დიპლომატიური გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში ისლანდიის საელჩოს მიერ.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

ისლანდიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები არ გამოირჩევა აქტიურობით, თუმცა, დინამიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

2022 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნებოდა.

ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით, აღსანიშნავია 2016 წლის 27 ივნისს, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA - ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვეიცარია) ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. EFTA-სთან შეთანხმება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებასთან/ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შემდგომი ლიბერალიზაციის მიმართულებით. ისლანდიაში ძალაში შევიდა 2017 წლის 1 სექტემბერს.

ქვეყნებს შორის იშვიათად ხორციელდება ვიზიტების ურთიერთგაცვლა. 2016 წლის 6-7 ივნისს, შედგა პირველი მაღალი დონის ვიზიტი ისლანდიიდან. საქართველოს ეწვია ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი რაგნჰეიდურ ელინ არადოტირი, ისლანდიის ბიზნეს-წრეების წარმომადგენლებთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სემინარი ენერგეტიკის თემაზე, სადაც ქართულმა და ისლანდიურმა კომპანიებმა განიხილეს განახლებადი ენერგიის წყაროები და თანამშრომლობის პერსპექტივები.

ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზა მოიცავს ერთ შეთანხმებას შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ.

საქართველოში მოღვაწეობს ორი ისლანდიური კომპანია: „Creditinfo“, რომელიც საქმიანობს საფინანსო სფეროში და „Landsvirkjun Power and Verkis“- აჭარაში, მდინარე მაჭახელაზე ორი ჰიდროელექტრო სადგურის და მდინარე თერგზე ჰესის აგების საკითხის შესწავლის და პროექტების დიზაინის მომზადების კუთხით.

არსებობს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების გარკვეული პოტენციალი, კერძოდ, გამოცდილების გაზიარება თევზჭერის მიმართულებით და საქართველოში ამ სექტორის განვითარების ხელშეწყობა.

ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველი მთარგმნელი გრიგოლ მაჭავარიანი, რომელმაც ისლანდიურ ენაზე თარგმნა „შუშანიკის წამება“, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ჭოლა ლომთათიძის, გიორგი ლეონიძისა და ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები. ხოლო ისლანდიურიდან ქართულად „ექვსი ისლანდიური საგა“, ცნობილი ისლანდიელი მწერლის, სოურჰარტლურ უტორმსნონის ნაწარმოები „უკანასკნელი კათოლიკე ეპისკოპოსი“ და ისლანდიური მოთხრობების კრებული (Halldór Stefánsson-ის Júlíus და Hrotur, Jónas Hallgrímsson-ის Leggur og skel). 1994-1995 წლებში გრიგოლ მაჭავარიანი რეიკიავიკის, ბერლინისა და სორბონის უნივერსიტეტების სკანდინავიური ფაკულტეტის საპატიო წევრად აირჩიეს. 1996 წელს, მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში „სკანდინავიური სახლის“ დაარსებას. 1996 წელს, გრიგოლ მაჭავარიანი ავტოკატასტროფის შედეგად საქართველოში გარდაიცვალა. 2018 წელს, ლინგვისტი და მთარგმნელი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ჯილდო გრიგოლ მაჭავარიანის ოჯახს გადაეცა, რომელიც ამჟამად ისლანდიაში ცხოვრობს.

ბმულები:

ისლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო