Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საკონსულო დეპარტამენტის სამუშაო ვიზიტი დანიასა და ისლანდიაში

2024 წლის 13-16 თებერვალს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი დანიასა და ისლანდიაში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ტაბატაძე და ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში სახელმწიფოს ეფექტური საქმიანობის წარმოების შესახებ გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
13 თებერვალს, ქართულ დელეგაციას დანიის საგარეო უწყებამ უმასპინძლა. შეხვედრაზე, განხილულ იქნა კრიზისულ სიტუაციებში დანიის მზადყოფნისა და მოქმედების გეგმა. დანიურმა მხარემ ასევე წარმოადგინა საკუთარ მოქალაქეებთან დაკავშირებული რთული კრიზისული სიტუაციების ცალკეული მაგალითები.
15-16 თებერვალს, გაიმართა შეხვედრები ისლანდიის საგარეო და იუსტიციის სამინისტროებისა და რეიკიავიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებთან.
ისლანდიის საგარეო უწყებაში შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა საკონსულო სერვისებით უზრუნველყოფის, მათ შორის ონლაინ-სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები.
იუსტიციის სამინისტროში, განხილულ იქნა რეადმისიის ხელშეკრულების ფუნქციონირებისა და მისი პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
რეიკიავიკის პოლიციის კომისარმა წარმოადგინა ინფორმაცია ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, მათ შორის არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა ისლანდიაში მცხოვრებ ქართველ თანამემამულეებთან. საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა ისლანდიაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები და არსებული გამოწვევები.