ქართული ფილმის საღამო დანიის ფილმის ინსტიტუტის კინოსახლში "Cinemateket"
მიმდინარე წლის 19 იანვარს, დანიაში საქართველოს საელჩოსა და დანიის ფილმის ინსტიტუტის კინოსახლ Cinemateket-ს შორის თანამშრომლობით, ქართული ფილმის საღამო გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით შედგა და ქართული კინემატოგრაფიის კლასიკურ და თანამედროვე ნიმუშებს აერთიანებდა, ნაჩვენებ იქნა ორი მხატვრული ფილმი: ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ და ლევან თუთბერიძის „სამურაი დასვენების ჟამს“.
ჩვენების დასაწყისში, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს ელჩი ნატა მენაბდე და Cinemateket-ის პროგრამების დირექტორი იესპერ ანდერსენი, რომელთაც ყურადღება თანამშრომლობისა და კულტურული ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
კინო-საღამოს 250-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის იყვნენ როგორც საელჩოს მიერ მოწვეული სტუმრები, ისე - სხვა, საქართველოთი დაინტერესებული პირები. საზოგადოების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესის გამო, კინოჩვენებები ორ ციკლად, პარალელურ რეჟიმში გაიმართა. სეანსებს შორის სტუმრებს საშუალება მიეცათ, ქართული ღვინის თანხლებით მოსაზრებები გაეცვალათ.
ქართული კინოს მიმართ გამოხატული ესოდენ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო დანიაში საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და Cinemateket-თან თანამშრომლობით მოგვიანებით გეგმავს ქართული ფილმების სეზონის ორგანიზებას. ქართული კინემატოგრაფიის სხვა ნამუშევრებთან ერთად, ნაჩვენები იქნება გენიალური ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძის, ელდარ შენგელაიასა და ოთარ იოსელიანის ფილმები და მათ შემოქმედებას სპეციალური საღამო მიეძღვნება.