აგვისტოს ომის 17 წლისთავთან დაკავშირებით, მოკლემეტრაჟიანი ფილმის -„10:45“ ჩვენება გაიმართა
2025 წლის 21 აგვისტოს, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რეჟისორ გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის -„10:45“ ჩვენება და აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა.
ფილმის ჩვენებამდე, დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და მის შედეგებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა 2008 წლის ომის საერთაშორისო სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობას. როგორც ელჩმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და სრულიად ევროპის უსაფრთხოებას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ 17 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქმეში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
