კოპენჰაგენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
2026 წლის 8 ივნისს, კოპენჰაგენის სამეფო თეატრის დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ. მან ისაუბრა 1918 წლის 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა პირველი რესპუბლიკის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც დღესაც განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოებრივ გზას. ნატა მენაბდემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, კულტურულ იდენტობასა და ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებაში შეტანილ წვლილზე.
ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოს და დანიას შორის ურთიერთობებში არსებულ ტენდენციებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, ხაზი გაუსვა ურთიერთპატივისცემაზე და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. აღინიშნა თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, რასაც მ/წლის 27 ივნისიდან ავიაკომპანია „Norwegian” განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ორ სტუმარს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კომპანიისგან საჩუქრად, გადაეცა ორმხრივი ავიაბილეთი.
ღონისძიებაზე, საქართველო-დანიის კულტურული ურთიერთობების განვითარების კონტექსტში, თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულა დანიის ახალგაზრდა მუსიკოსების ანსამბლმა „Verdenslyd”, რომელიც მუსიკალური სასწავლებლის "Sankt Annæ Gymnasium" კურსდამთავრებულებით არის დაკომპლექტებული.
მიღებას ესწრებოდნენ დანიის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, პარლამენტის, კულტურის სფეროს, აკადემიური წრეების, ბიზნესსაზოგადოებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები
