Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

რუსთაველის აფორიზმების ისლანდიური თარგმანის პრეზენტაცია რეიკიავიკში

2024 წლის 6 დეკემბერს, დანიასა და ისლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მცირებიუჯეტიანი კულტურული პროექტების ფარგლებში დაფინანსებული ღონისძიება „რუსთაველის სამყარო აფორიზმებში“.

ღონისძიებაზე პირველად იქნა წარმოდგენილი შოთა რუსთაველის შერჩეული 33 აფორიზმის თარგმანი ისლანდიურ ენაზე, რომელიც სწორედ ამ პროექტისთვის უნიკალურად ილუსტრირებული ქართულ-ისლანდიური ბროშურის სახით გამოიცა.

ღონისძიება რეიკიავიკის ბიბლიოთეკაში “Grofin” გაიმართა და პარტნიორებს ასევე წარმოადგენდნენ ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსული, ისლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა და კულტურის ცენტრი „Snorrastofa“. მათი აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობის შედეგად, ღონისძიება ისლანდიის კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მაღალი დასწრებით გამოირჩეოდა.

საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და რუსთაველის შემოქმედება ბროშურაში წარმოდგენილი შერჩეული აფორიზმები, პრეზენტაციის სახით გააცნო. ელჩმა მადლობა გადაუხადა თარჯიმან ნინო ილვა ფანიაშვილს, რომელმაც აღნიშნული აფორიზმები ისლანდიურ ენაზე თარგმნა და ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრა. სიტყვით ასევე წარდგნენ რეიკიავიკის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ბარბარა გუდნადოტორი, ისლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკისა და კულტურის ცენტრის „Snorrastofa“ წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საელჩოს მცირებიუჯეტიანი კულტურული პროექტის პირველი ღონისძიება კოპენჰაგენში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა, სადაც საზოგადოებას პირველად წარედგინა დანიურ ენაზე თარგმნილი აფორიზმების ბროშურა.

პრეზენტაციის დასასრულს, ნატა მენაბდემ პროექტის ფარგლებში გამოცემული ქართულ-ისლანდიური ბროშურა საჩუქრად გადასცა ღონისძიების მონაწილე ორივე ბიბლიოთეკას - რეიკიავიკისა და ისლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკას.