საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ გამართულ კონფერენციაში
28 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს შესახებ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით: „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე: გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელიც დანიის პარლამენტში „დანიის ჰელსინკის კომიტეტი ადამიანის უფლებებისთვის“ და „დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების" ორგანიზებით გაიმართა.
ნატა მენაბდემ ისაუბრა 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღების ისტორიულ მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის ნათელი დასტურია. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და დაგეგმილ აქტივობებზე. ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ღონისძიებაზე მოხსენებები წარადგინეს დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოლიტიკურმა მრჩეველმა და ქართული და დანიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის პარალელურად, პარლამენტის დარბაზში 25 თებერვლის ისტორიულ თარიღთან - საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საელჩოს ორგანიზებით, წარმოდგენილი იქნა ფოტოგამოფენა. შესავალ სიტყვაში, ელჩმა საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, საქართველოს ევროპულ ღირებულებსა და დამოუკიდებლობის ფასდაუდებელ მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
ღონისძიებას დანიის სახელმწიფო უწყებების, კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ანალიტიკური ცენტრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სულ 150-მდე სტუმარი ესწრებოდა.