საქართველოს ელჩი დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა


შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და დანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტიური დინამიკა. მხარეები მიესალმნენ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის, ახლახან განხორციელებულ ვიზიტს საქართველოში. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ მინისტრთან ერთად, დანიელი პარლამენტარებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრები. ხაზი გაესვა თბილისში დანიის პირველი რეზიდენტი საელჩოს გახსნის ფაქტს, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის პრიორიტეტულობაზე და ამ კუთხით, დანიის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, განხილულ იქნა ხელშესახები პროგრესი და მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ქართული მხარე წარმატებით აწარმოებს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა საკითხის შესრულების მიზნით. ხაზი გაესვა ქართული მხარის მოლოდინებს, მიმდინარე წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.
მიქაელ ოსტრუპ იენსენმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა დააფიქსირა და დასძინა, რომ ამ ძალზედ მნიშვნელოვან მომენტში, დანიური მხარე მზად არის ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების კუთხით საქართველოს დახმარება გაუწიოს. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის კავშირების შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტულობაზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში, არამედ რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით.