
2023 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს საელჩომ დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის სტაბილიზაციის ცენტრის სტრატეგიისა და ომის ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დანიაში ვიზიტით მყოფ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ღონისძიების პირველი ნაწილი შავი ზღვის უსაფრთხოებისა და რეგიონული გამოწვევების საკითხებზე პროფესიულ დისკუსიას დაეთმო. მოხსენებები წარადგინეს საქართველოს ელჩმა ნატა მენაბდემ, დანიის საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის (DIIS) უფროსმა მკვლევარმა ფლემინგ სპლიდსბოელმა და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის ასოცირებულმა პროფესორმა კლაუს მატიესენმა.
ელჩმა საქართველოს პრიორიტეტებზე, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. დადებითად შეფასდა საქართველოსა და დანიის ორმხრივი თანამშრომლობის აქტიური დინამიკა, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
მოწვეულმა მომხსენებლებმა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თავისებურებებსა და ევრო-ატლანტიკური გაფართოების საკითხებზე გააკეთეს აქცენტი.
დისკუსია, მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს, დიალოგი არაფორმალურ გარემოში გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯი ქართველ კოლეგებს „მშვიდობისა და სტაბილიზაციის ფონდის“ დაფინანსებით, 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს, რომელიც საქართველო-დანიას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაძლიერებასა და ნატო-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას ისახავს მიზნად.