ქართული თეატრი პირველად დანიაში
2024 წლის 30 სექტემბერს, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, კოპენჰაგენში მდებარე თეატრში Aveny-T, თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრმა შექსპირის „ოტელო“ წარმოადგინა (რეჟისორები დიმიტრი ხვთისიაშვილი და გია მარღანია).
უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედია მოზარდ მაყურებელთა თეატრმა განსხვავებული ინტერპრეტაციით - ცოცხალი და თოჯინური შესრულების სინთეზის სახით წარმოადგინა.
თოჯინები და დეკორაცია პეტრე ოცხელის ესკიზების მიხედვით არის დამზადებული, რომელიც მხატვარმა კოტე მარჯანიშვილის „ოტელოსთვის“ თითქმის ერთი საუკუნის წინ შექმნა.
აღსანიშნავია, რომ დანიაში ქართული თეატრი პირველად იყო წარმოდგენილი. სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.