ქართული ფილმი "სიცოცხლიდან სიცოცხლემდე" კოპენჰაგენის ყოველწლიურ ფესტივალზე
2024 წლის 10 ნოემბერს, კოპენჰაგენში, დანიის ფილმის ინსტიტუტში (Cinemateket), საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ფესტივალის “East by Southeast“ ფარგლებში, ქართველი რეჟისორის, ბექა სიხარულიძის, ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ ჩვენება გაიმართა.
East By Southeast დანიის ფილმის ინსტიტუტის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც გამორჩეულ ახალ ფილმებს წარმოადგენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან. წლევანდელი ფესტივალი, რომელიც 7-დან 30 ნოემბრამდე ტარდება, ევროკავშირის „დიდი გაფართოების“ 20 წლისთავს ეძღვნება და დანიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება.
ქართული ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ კინოჩვენება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს დანიის ფილმის ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელმა ტობიას ლინგე ჰერლერმა, დანიაში ევროკომისიის ოფისის ხელმძღვანელმა პერ ჰაუგორდმა და დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ.
ფილმის შემდეგ, აუდიტორიას, კითხვა-პასუხის ფორმატში, რეჟისორთან და მთავარ პერსონაჟთან, ბექა სიხარულიძესთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.
კინოჩვენებას დანიის სახელმწიფო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ასევე ქართული კინოთი დაინტერესებული სხვა სტუმრები ესწრებოდნენ და ფილმმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიება საელჩოს ორგანიზებით ქართული ღვინის მიღებით დასრულდა.