კოპენჰაგენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დანიელ კოლეგას შეხვდა
2023 წლის 29 ივნისს, კოპენჰაგენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანთან ლიზბეტ ზილმერ-ჯონსთან.
მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას და აქტიური დღის წესრიგის შენარჩუნების მიზნით, გამოხატეს მზაობა, ახლო მომავალში, ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გაიმართოს პოლიტიკური კონსულტაციები.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში დანიის გამორჩეულ მხარდაჭერას, რასაც არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და ევროკავშირში გაწევრიანების ამ ისტორიულ პერიოდში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება.
აღინიშნა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, 28 ივნისს „კოპენჰაგენის კრიტერიუმების“ 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია, რომელშიც თეიმურაზ ჯანჯალიამ მიიღო მონაწილეობა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
თეიმურაზ ჯანჯალიამ დანიელ კოლეგას გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევის უხეშ ფაქტებზე.
ლიზბეტ ზილმერ-ჯონსმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის მტკიცე მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. აღინიშნა, რომ დანია კვლავაც თანმიმდევრულად გააგრძელებს საქართველოს ევროპული პრიორიტეტების ხელშეწყობას.
მხარეები რეგულარული დიალოგისა და აქტიური ინტერაქციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ როგორც ორმხრივი, ისე საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.