Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, ფილმის „შინდისი“ ჩვენება გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, კოპენჰაგენში მდებარე კინოთეატრში, გაიმართა რეჟისორ დიტო ცინცაძის ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ ჩვენება. 
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და კერძო უწყებების წარმომადგენლები, ქართული დიასპორა და სხვა მოწვეული სტუმრები. 
კინოჩვენებამდე, დანიაში საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასა და მის შედეგებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ საფრთხე შეუქმნა რეგიონისა და სრულიად ევროპის უსაფრთხოებას, რომ 15 წლის შემდეგაც, რუსეთი კვლავ არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. 
კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფის საქმეში. 
დამსწრე საზოგადოებამ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ქართული მხატვრული ფილმის „შინდისი“ მაგალითზე იხილა. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და ნათლად წარმოაჩენს ქართველი სამხედროების თავდადებასა და სოფლის მაცხოვრებელთა სამოქალაქო გმირობის რეალურ ისტორიას.
კინოჩვენების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენის ფონზე, სტუმრებს მოსაზრებების ურთიერთგაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. 
ღონისძიების როგორც შინაარსობრივმა, ისე მხატვრულმა ნაწილმა აუდიტორიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.