ელჩის შეხვედრა დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2023 წლის 6 დეკემბერს, შედგა საქართველოს ელჩის ნატა მენაბდის შეხვედრა დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ნილს ფლემინგ ჰანსენთან.
საუბრის დასაწყისში, მხარეებმა გაიხსენეს 16 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის დანიაში განხორციელებული ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც, სწორედ ნილს ფლემინგ ჰანსენის თანახელმძღვანელობით, გაიმართა მინისტრის შეხვედრა დანიის პარლამენტის წევრებთან.
კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტულ საკითხზე. ელჩმა ნილს ფლემინგ ჰანსენს გაუზიარა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროგრესზე, საქართველოს მიერ გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე, რომელთა შესრულებასაც ქართული მხარე ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით წარმატებით აგრძელებს.
ხაზი გაესვა საქართველოს პრიორიტეტებისადმი დანიის მტკიცე და კონსოლიდირებულ მხარდაჭერას, რასაც ევროპული ინტეგრაციის ამ მნიშვნელოვან მომენტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიესალმა 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიის მიერ გაცხადებულ დადებით რეკომენდაციას და დაფიქსირდა ევროპული საბჭოს სხდომაზე პოზიტიური დასკვნითი გადაწყვეტილების მოლოდინი, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.