დანიის სამეფო
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დამყარდა 1992 წლის 9 ივლისს.
დანიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიხსნა 2006 წელს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
დანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მზარდი დინამიკით გამოირჩევა, რის დასტურსაც წარმოადგენს საქართველოში დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა. 2022 წლის 22 სექტემბრიდან, ანე ტოფტ სორენსენი (Anne Toft Sørensen) აკრედიტებულია, როგორც პირველი რეზიდენტი ელჩი საქართველოში.
ქვეყნებს შორის ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები. ამ მხრივ, აღსანიშნავია 2022 წლის 30 მარტი-1 აპრილს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის იეპე კოფიდის ვიზიტი საქართველოში. ამასთან, ორმხრივი თანამშრომლობის ქმედით ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც რეგულარული ხასიათი აქვს.
2022 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნა.
საქართველოში უმცირესობების დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის და ზოგადად, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად განხორციელებულ საქმიანობაში აქტიურ როლს თამაშობს დანიის ლტოლვილთა საბჭო (Danish Refugee Council).
მიმდინარე ეტაპზე, ორ ქვეყანას შორის ძალაშია 4 შეთანხმება, რაც ძირითადად მოიცავს შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ასევე თავდაცვისა და განვითარების სფეროებში თანამშრომლობას.
მხარეები მუშაობენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გააქტიურების კუთხით. აღსანიშნავია, დანიური კომპანიების მრავალწლიანი მოღვაწეობა საქართველოში.
ორმხრივ ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პროდუქტიულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, რამაც განსაკუთრებული დინამიკა 2010 წლიდან შეიძინა. ძირითად მიმართულებას ეროვნული გვარდიის განვითარების საკითხი წარმოადგენს. დანიური მხარე ასევე ჩართულია „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) განხორციელების პროცესში.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. დანიური მხარე ჩართულია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში.
თანამშრომლობა განვითარების სფეროში
ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია განვითარების სფეროში არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა, რამაც საქართველოს ინსტიტუციურ და სოციალ-დემოკრატიულ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი. თანამშრომლობა „დანიის სამეზობლო პროგრამის” (DANEP) სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც 2013 წელს დამტკიცდა (2013-2017 წ.წ.). სტრატეგია 2016 წელს გადაიხედა, რის საფუძველზეც, მომავალი 5 წლის პერიოდში (2017-2021) ბიუჯეტი და ბენეფიციარი ქვეყნების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, 7 ქვეყნიდან (საქართველო და კიდევ 6 ქვეყანა), პრიორიტეტული ქვეყნების ნუსხაში დარჩა მხოლოდ საქართველო და უკრაინა. DANEP-ის ორი მთავარი მიმართულებაა: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა; მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა. 2017-2021 წლების პერიოდში პროგრამის ბიუჯეტად 860 მილიონი დანიური კრონი (116 მლნ ევრო) განისაზღვრა, საიდანაც 27 მლნ. ევრო საქართველოზე გადანაწილდა.
2022 წლის 27 იანვარს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაახმოვანა აღმოსავლეთ სამეზობლო პროგრამის მეორე ფაზის ამოქმედება. ამასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა 45-გვერდიანი დოკუმენტი - „სტრატეგიული ჩარჩო: დანიის პარტნიორობა აღმოსავლეთ სამეზობლოსთან 2022-26“. სტრატეგიული დოკუმენტის გამოქვეყნებას თან მოჰყვა ფინანსური პაკეტის შემუშავებაც, რომლის ფარგლებშიც, 2022-26 წლების ვადაში 875 მილიონი დანიური კრონი (დაახლოებით 117 მილიონი ევრო) იქნება გამოყოფილი, რომელსაც ძირითადად უკრაინა და საქართველო მიიღებენ. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოყოფილი თანხა ზემოხსენებულ ქვეყნებში სტაბილურობის, პროგრესისა და მედეგობის ხელშეწყობას უნდა მოხმარდეს. საქართველოს დახმარების ბიუჯეტი 150 მილიონ დანიურ კრონს შეადგენს (დაახლოებით, 20 მლნ. ევრო).
სტრატეგიულ დოკუმენტში განსაზღვრულია სამი პრიორიტეტული მიმართულება: დემოკრატიზაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერა; მდგრადი განვითარებისა და მწვანე ტრანზიციის ხელშეწყობა; მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა.
კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში აქცენტი გაკეთდება შემდეგ საკითხებზე:
- სამოქალაქო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა და დემოკრატიული საპარლამენტო კულტურის წახალისება;
- რეგიონალური და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა;
- გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური საზოგადოების დახმარება;
- შრომითი ბაზრის გაუმჯობესება, პროფკავშირების გაძლიერება და სოციალური დიალოგის წახალისება.
სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, რომელიც საქართველოში ენერგოეფექტურობისა და მდგრადი ენერგიის განვითარებას ისახავდა მიზნად, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში რეფორმების განხორციელებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
„ახალი დემოკრატიის ფონდი“
2021 წლის 18 მარტს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, დაფუძნდა „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (NDF), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიზაციის ხელშეწყობას. NDF ხუთი დანიური ორგანიზაციისაგან შემდგარ კონსორციუმს წარმოადგენს და მასში მთავარი მაკოორდინირებლის ფუნქცია აკისრია დანიის კულტურის ინსტიტუტს (Danish Cultural Institute). ფონდი ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ბიუჯეტი 2021-22 წლებში განისაზღვრა 50 მილიონი დანიური კრონის ოდენობით (დაახლოებით 6.5 მილიონი ევრო).
განსაზღვრულია NDF-ის საქმიანობის ექვსი პრიორიტეტული მიმართულება: კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, კულტურა, გენდერი, შრომის ბაზარი, მედია და ახალგაზრდობა. პრიორიტეტული სფეროების მიხედვით კონსორციუმი გასცემს მცირე გრანტებს კულტურული და ახალგაზრდული ცენტრებისთვის, მედია საშუალებებისთვის, ასევე კლიმატის, გენდერისა და შრომითი უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
ბმულები:
დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში (რეზიდენციით ქ. კიევი)
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დანიის სამეფოს ინტერნეტ-პორტალი