Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმის“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2023 წლის 28 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქ. კოპენჰაგენში ორგანიზებულ კონფერენციაში, რომელიც ე.წ. ,,კოპენჰაგენის კრიტერიუმის“ 30 წლის იუბილეს მიეძღვნა.
თეიმურაზ ჯანჯალია სიტყვით გამოვიდა სესიაზე „აღმოსავლეთ პარტნიორებიდან ევროკავშირის წევრებამდე“ („From Eastern Partners to coming EU members”). მან აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. ის ასევე შეეხო ევროკავშირში წევრობის „კოპენჰაგენის კრიტერიუმის“ სახელით ცნობილ წინაპირობებს, რომლებმაც არაერთი ევროპული ქვეყნის დემოკრატიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყო ხელი და დღეს კვლავ წარმოადგენს ძლიერ სტიმულს გაფართოების პოლიტიკის ქვეყნებისთვის, რომ გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმების პროცესი.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ქვეყნების შეფასებისას დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის გამოყენების პრინციპულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, მან ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების გაგრძელებისთვის და მოლოდინი, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ ქვეყნის ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ადგილზე შექმნილ რთულ ვითარებაზე, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მთლიანად რეგიონში არსებულ დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე.
ენერგო და სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა შავ ზღვაზე სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე საქართველოს მიერ ინიცირებული სტრატეგიული პროექტების რეალიზაციის გზით, რომელთა შორისაა შავი ზღვის ელექტროგადამცემი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, შავ ზღვაზე საბორნე მიმოსვლის ინტენსიფიკაცია.
​კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუციების, კანდიდატი ქვეყნების სახელმწიფო და აკადემიური წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლები.