მიმდინარე წლის 12 იანვარს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს, დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, მიკაელ ოსტრუპ იენსენისა და დანიური არასამთავრობო ორგანიზაცია „მეცნიერებისა და კომერციული დიპლომატიის ცენტრის“ (CSCD) თანა-ორგანიზებით, კრისტენბორგის სასახლეში (დანიის პარლამენტის შენობა) გაიმართება შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენცია.
კონფერენცია მიზნად ისახავდა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის ხაზგასმასა და რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას დამსწრე საზოგადოებისათვის. ყურადღება გამახვილდა, რომ შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესების განხილვა მნიშვნელოვანია არა განცალკევებით, არამედ ერთიანი ევროპული უსაფრთხოების ჭრილში, ბალტიის ზღვასთან მჭიდრო კავშირში.
კონფერენცია მოხსენებებით გახსნეს დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, მიკაელ ოსტრუპ იენსენმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე, ლაშა დარსალიამ.
კონფერენციას მოდერაციას უწევდა დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი, შარლოტე ფლინდტ პედერსენი.
კონფერენცია სამი პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და თურქეთის ელჩებთან ერთად წარმოადგინა საკუთარი ქვეყნის პოზიციები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ხოლო დანიაში პოლონეთის ელჩმა, ანტონ ფალკოვსკიმ „სამი ზღვის ინიციატივის“ ჭრილში განიხილა პროცესები.
კონფერენციის მეორე პანელი ვიდეო მოხსენებით გახსნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურმა მდივანმა, ლაზარ კომანესკუმ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალსა და საერთაშორისო მნიშვნელობაზე. პანელზე ჩაერთო საქართველოში დანიის ელჩი, ანე ტოფტ სორენსენი. ამავე პანელზე დანიელი ექსპერტების მხრიდან ტრადიციული უსაფრთხოების გამოწვევების გარდა მოხსენებები გაკეთდა რეგიონში ენერგო უსაფრთხოების, სატრანზიტო და საკვები მომარაგების არხების უსაფრთხოების განზომილებაზე. ასევე, მოხსენება გააკეთა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე, გუსტავო პალარესმა.
მესამე პანელზე საქართველო წარმოადგინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, თორნიკე ფარულავამ, ხოლო ბულგარეთი - საგანგებო დავალებათა ელჩმა, დრაგომირ ზაკოვმა. შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე პროცესები შეაფასა დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, სორენ იენსენმა. ასევე, საინტერესო იყო დანიაში აშშ-ის ელჩის, ალან ლევენტალის მოხსენება, რომელმაც ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და რეგიონში აშშ-ის როლზე. ასევე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად რეგიონში არსებულ მიგრაციის ნაკადებსა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.