საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ისლანდიაში ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარე წლის 29 აპრილს, ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ჰრანარ არნარსონის ორგანიზებით, „ნორდიკულ სახლში“ გაიმართა ქართული კულტურის, ღვინისა და სამზარეულოსადმი მიძღვნილი ღონისძიება „სუფრა“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რეიკიავიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართულ-ისლანდიური მეგობრობის ასოციაციის „საქართველოს“ წევრები და ქართული კულტურით დაინტერესებული ისლანდიელები.
ღონისძიება გახსნა ისლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულმა, ჰრანარ არნარსონმა, რომელმაც ისაუბრა ისლანდიაში ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის მიმართ არსებულ მზარდ ინტერესზე. ასევე, ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, ისლანდიაში საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ, რომელმაც ისაუბრა ქართული კულტურის სიმდიდრესა და სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე. ასევე, ნატა მენაბდემ ყურადღება გაამახვილა ქართული მეღვინეობის განვითარების ისტორიასა და ვაზის მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები. კომიტეტის თანმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძეს საშუალება მიეცა, ესაუბრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და მოესმინა მათი მოსაზრებები საქართველო-ისლანდიის ურთიერთობებთან დაკავშირებით.
ქართულ-ისლანდიური მეგობრობის ასოციაციის „საქართველოს“ პრეზიდენმა, უნა სიგვათსდოტირმა საკუთარ მიმართვაში საქართველოში გატარებული წლები გაიხსენა და ისაუბრა ქართული სუფრის კულტურისა და თამადის ინსტიტუტის შესახებ.