საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი დანიელ კოლეგას შეხვდა

2022 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის იეპე კოფოდის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის საქართველოს გადაწყვეტილება, ოფიციალური განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ყურადღება ასევე გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა დანიელ კოლეგას საქართველოში ვიზიტისა და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განუხრელი მხარდაჭერისთვის. 
გარდა ამისა, აღნიშნა, რომ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან და ხაზი გაესვა ამ თარიღის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამი ათწლეულის მანძილზე ორ ქვეყანას შორის მიღწეული შედეგების შესახებ და ყურადღება გაამახვილეს დანიის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში დამყარებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე. მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და დანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივებიც.
აღსანიშნავია, რომ მინისტრებმა დაგმეს რუსეთთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების იდეა. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. იეპე კოფოდმა კი, თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.