დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში რუსთაველის აფორიზმების დანიურ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში, 2024 წლის 27 სექტემბერს დანიის სამეფო ბიბლიოთეკაში (The Black Diamond) შოთა რუსთაველის „ᲕᲔᲤᲮᲘᲡᲢᲧᲐᲝᲡᲜᲘᲡ“ აფორიზმების პირველი დანიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება დანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, „მცირებიუჯეტიანი კულტურული პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა.
ღონისძიებაზე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატა მენაბდემ შოთა რუსთაველის და პროექტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა, ისაუბრა „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ ღირებულებასა და მის უნიკალურ როლზე, საუკუნეების მანძილზე ქართული იდენტობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების საქმეში.
პროექტს საფუძველი დაუდო ქართველი ხელოვნებათმცოდნის, ხელოვნების განვითარების ფონდის დამფუძნებლის ია ხურციძის იდეითა და ავტორობით შექმნილმა წიგნმა, რომელიც 10 ენაზე თარგმნილ 33 აფორიზმს აერთიანებს.
კოპენჰაგენის სამეფო ბიბლიოთეკის დარბაზში სწორედ, შერჩეული 33 აფორიზმის პირველი დანიური თარგმანი იქნა წარმოდგენილი.
ელჩმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ზაზა უჯმაჯურიძესა და მე ლუნდს, რუსთაველის აფორიზმების დანიურ ენაზე პირველი, ისტორიული თარგმანის შესრულებისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცნობილი უნგრელი მხატვრის მიხაი ზიჩის „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ილუსტრაციები.
დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა ქართველი კალიგრაფის გიორგი სისაურის შემოქმედებას ადგილზე გაცნობოდა, რომელმაც ქართულ და დანიურ ენაზე შესრულებული„ვეფხიტყაოსნის“ აფორიზმების კალიგრაფიული ნიმუშები წარმოადგინა.
ღონისძიების დასასრულს, ელჩმა ქართულ-დანიური აფორიზმების კრებული დანიის კულტურის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის კოორდინატორს სიმონ რონ დალსგორს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და ქართულ-დანიური კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.