საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა ისლანდიის პრეზიდენტს

მიმდინარე წლის 27 აპრილს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატა მენაბდემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რწმუნებათა სიგელი ბესასტადირის რეზიდენციაში გადასცა ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ისლანდიას შორის ორიმხრივი ურთიერთობების დინამიკასა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე. ასევე, განხილულ იქნა კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ხაზი გაესვა გრიგოლ მაჭავარიანის თარგმანებსა და მის მიერ ორი ქვეყნის დაახლოებაში შეტანილ წვლილს.

საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მიმდინარე წელს საქართველოსა და ისლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეზე. ნატა მენაბდემ ისლანდიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ წლების განმავლობაში რეიკიავიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე გაწეული თანადგომისთვის.

შეხვედრაზე განხილულ იქნა უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ხაზი გაესვა საერთაშორისო უსაფრთხოების კრიზისის ფონზე, პატარა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.