ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ელჩის მისასალმებელი სიტყვა

 

ძვირფასო მეგობრებო,

მოგესალმებით დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ჩვენი საელჩო უკვე 10 წელიწადზე მეტია (2006 წლის 1 დეკემბრიდან) ფუნქციონირებს ქალაქ კოპენჰაგენში და ემსახურება როგორც საქართველოსა და დანიის სამეფოს, ასევე საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და გამრავალფეროვნებას. მოხარულნი ვართ, რომ ამ პერიოდის მანძილზე მოხერხდა ჩვენს ქვეყნებს შორის საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკური და მზარდი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. დღევანდელ დღეს დანია და ისლანდია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ცალსახა, აქტიურ მხარდამჭერებად გვევლინებიან და სრულიად იზიარებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებით ვითარდება და ევროპულ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.   

ნორდიკულ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება ყოველთვის წარმოადგენდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში, საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა ჩრდილოეთ ევროპის ხუთივე ქვეყანასთან, მათ შორის დანიის სამეფოსა (1992 წლის 1 ივლისი) და ისლანდიის რესპუბლიკასთან (1992 წლის 21 სექტემბერი). ჩვენი სურვილი, მაქსიმალურად მოგვეხდინა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მათი სახელმწიფოებრიობის წარმატებული მოდელის საქართველოში გადმოტანა, დღევანდელ დღეს უფრო დიდ დატვირთვასა და განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს, ვინაიდან საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას და ეს პროცესი შეუქცევადი ხდება.

ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პარალელურად მიგვაჩნია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული თითოეული ქვეყნის სასარგებლოდ. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილის - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სრულიად ამოქმედების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ სწორედ ეკონომიკამ უნდა დაიკავოს ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნების დაახლოებასა და სამივე ქვეყნის საზოგადოებაში ერთმანეთის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ცხადია, საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებასა და დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში უნიკალური ქართული კულტურის მაქსიმალურად წარმოჩენას. საქართველო აქტიურად ემზადება ევროპულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად და საქართველოს საელჩოც კოპენჰაგენში მაქსიმალურად იქნება ჩართული მიმდინარე, 2017 წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.

ჩვენი გულწრფელი სურვილია, რაც შეიძლება აქტიურად ვითანამშრომლოთ დანიასა და ისლანდიაში არსებულ ქართულ სათვისტომოებთან, ჩვენს თანამემამულეებთან. საქართველოს საელჩო კოპენჰაგენში უპირველეს ყოვლისა არის თითოეული ქართველის სახლი და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი იდეების, ინიციატივებისა და საინტერესო პროექტების განსახილველად. ამავე დროს საქართველოს საელჩო კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გააგრძელებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული დიასპორის ინტერესებისა და უფლებების დაცვას.

პირადად ჩემთვის, როგორც საქართველოს ახალი ელჩისთვის განსაკუთრებული პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგინო ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში. ჩვენს ქვეყნებს შორის უკვე ჩამოყალიბებული, მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ საშუალება მექნება კიდევ უფრო ხელი შევუწყო საქართველოსა და დანიის სამეფოსა და საქართველოსა და ისლანდიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას. 

გიგი გიგიაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი       

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ