ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
6-9 ნოემბერს კოპენჰაგენში საქართველოს პარლამენტის დანიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრების ვიზიტი გაიმართა.

7 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დელეგაციის წევრებთან ერთად დანიის პარლამენტის ბიზნესის ზრდისა და ექსპორტის კომიტეტის ვიცესპიკერს იოაკიმ ოლსენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იყო. ვიცესპიკერმა იოაკიმ ოლსენმა ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და მხარდაჭერას დაჰპირდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე, დანიის სამეფოს პარლამენტის წევრთან, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის, ასევე ქალთა უფლებების ყოფილ მინისტრთან ევა კიერ ჰანსენთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე, დანიის სამეფოს პარლამენტის პოლიტიკური ძალების მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირებასა და მათთან თანამშრომლობის ძირითად პრინციპებზე.

ამასთანავე გაიმართა შეხვედრები დანიის პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომელთაც ქართულ მხარეს გაუზიარეს მათ გამოცდილება, განსაკუთრებით პარლამენტის მუშაობის პროცედურულ ნაწილში. ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია როგორც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების, ასევე, პარლამენტის მიერ ამ ინიციატივების მიღებასთან დაკავშირებით. დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ეკონომიკის ძირითად გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს.

ვიზიტის მეორე დღეს, საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრები გამართა კონკურენციისა და მომხმარებელთა სააგენტოში, ბიზნესისა და მრეწველობის სამინისტროში, დასაქმების სამინისტროში, დანიის განვითარების ფონდში და დანიის ექსპორტის საკრედიტო სააგენტოში.

მხარეებმა დანიის სამეფოს ეკონომიკური განვითარების ძირითადი ტენდენციები და ის უნიკალური გამოცდილება განიხილეს, როდესაც შესაძლებელი გახდა შედარებით მაღალი გადასახადების ფონზე შენარჩუნებულიყო დანიის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობა უცხოური ინვესტორებისთვის და, იმავდროულად, ჩამოყალიბებულიყო ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის და ექსპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის ეფექტიანი მექანიზმები.

აღსანიშნავია, რომ დანიის სამეფოში არსებული საგადასახადო სისტემა ასევე უზრუნველყოფს უფასო, საშუალო და უმაღლეს განათლებას და სამედიცინო მომსახურებას.

ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია და საქართველოს ელჩი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს ეწვია და ორგანიზაციის გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას შეხვდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ქართველ დეპუტატებს ასამბლეაში საქართველოს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და ასამბლეის სამომავლო გეგმები გააცნო.

ქართველმა დეპუტატებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადეს საქართველოში არჩევნების პერიოდში სადამკვირვებლო მისიის აქტიური მუშაობისთვის. შეხვედრაზე რომან კაკულიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სურვილი, შეინარჩუნოს ტრადიციული თანამშრომლობა და აქტიური კონტაქტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან.

დანიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები: ნინო გოგუაძე, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 10
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ