ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ორგანიზაციის 70 წლისთავის აღსანიშნავად გაერო-ს ეზოში ქართული ქვევრი განთავსდა

ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისში ქართული ქვევრის განთავსების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
 
ქვევრი საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით უსახსოვრა. აღსანიშნავია, რომ ქვევრის ღვინის ტრადიციული დაყენების მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 
 
ქ. ჟენევაში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ და გაერო-ს გენერალურმა დირექტორმა  მიხაელ მიოლერმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი და ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი. 
 
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს კულტურული იდენტობის და უძველესი ტრადიციის ამ ელემენტმა გაერო-ში დაიდო ბინა, როგორც საქართველოს ხელისუფლების საჩუქარმა ორგანიზაციის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით. საქართველო ღვინის აკვანია, ქვევრით ღვინის დაყენებას კი ჩვენს ქვეყანაში 8000 წლის ტრადიცია აქვს“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა მემორიალური დაფა, რომელიც ქვევრთან განთავსდა და დამთვალიერებელს ინფორმაციას აწვდის ძეგლის წარმოშობის შესახებ.

„ეს არის ჩვენი, საქართველოს ხილვადობის და ჩვენი ტრადიციების წარმოჩენის კიდევ ერთი შესაძლებლობა და იმედს ვიტოვებთ, რომ აქ დამსწრე საზოგადოება ისიამოვნებს ქართული ქვევრის ღვინოებით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.  
 
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ასევე მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის „ღვინის გზა“ ჩვენება. დამთვალიერებელს ქვევრის ისტორიისა და საქართველოში ღვინის წარმოების შესახებ სამახსოვრო ბროშურები გადასცეს.  ​

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ