ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის სამუშაო ვიზიტი დანიაში

25 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კრისტიან იენსენთან. შეხვედრა დანიის სამეფოში, ქ.კოპენჰაგენში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დავით ბაქრაძეს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა დანიის სამეფოს სახელმწიფო მდივანმა საგარეო საკითხებში ლონე ვისბორგმა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხზე. დანიურმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ გეგმის შესრულების კუთხით განხორციელებული სამუშაო. კრისტიან იენსენმა და ლორე ვისბორგმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დანიის ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი და გამოთქვეს მზაობა ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე.შეხვედრებზე იმსჯელეს ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადებასა და მოლოდინებზე. მხარეების მიერ აღინიშნა იმ ღონისძიებების მნიშვნელობა, რომელიც არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა. შეხვედრებზე დანიურმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ ნატო-ს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილი წვლილისათვის. მხარეებმა, აგრეთვე იმსჯელეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

შეხვედრებზე საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში –„საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი: მიმდინარეობა და პერსპექტივები" (Georgia's EU and NATO Integration Process: State of Play and Prospects).

ღონისძიებას ორგანიზაციის წევრი ანალიტიკოსები, ექსპერტები და კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დავით ბაქრაძემ საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ