საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რუსეთის სამხედრო აგრესიის 13 წლისთავი

მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გამოფენილ იქნა, ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი აბდალაძის ფოტოები, რომლებიც კარგად ასახავს რუსეთის სამხედრო აგრესიის თანმდევ მსხვერპლსა და ნგრევას საქართველოში. ასევე, ნაჩვენები იქნა ქართველო ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი - „მცოცავი საზღვრები“, რომელშიც გაცოცხლებული სურათების საშუალებით ხაზგასმულია, რუსეთის სამხედრო აგრესიისა და მცოცავი ოკუპაციის შედეგად შექმნილი ის მძიმე მდგომარეობა, რომელში ცხოვრებაც ყოველდღიურად უწევს საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას.
ღონისძიებას დაესწრნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური მისიებისა და დანიური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა. საკუთარ მოხსენებაში მან ყურადღება გაამახვილა, რომ სწორედ საქართველოში დაიწყო რუსეთმა ევროპის უსაფრთხოებაზე იერიში, რასაც შემდგომში გაგრძელება მოჰყვა უკრაინაში. გარდა ამისა, კახაბერ შიშნიაშვილმა ხაზი გაუსვა რუსეთის მცდელობას, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა არ მოექცეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები კადრებიც ასახავს იმ ჰუმანიტარულ კატასტროფას, რაც რუსეთის ოკუპაციას თან სდევს საქართველოს რეგიონებში.
ღონისძიება დასრულდა მცირე მიღებით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა, დისკუსიის ფარგლებში განეხილა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგები და მათი გავლენა მიმდინარე რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროცესებზე.