საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის გამოსამშვიდობებელი ონლაინ შეხვედრა ისლანდიის პრეზიდენტ, გუდნი იოჰანესონთან

მიმდინარე წლის 25 იანვარს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ გამოსამშვიდობებელი ონლაინ შეხვედრა გამართა ისლანდიის პრეზიდენტ, გუდნი იოჰანესონთან. 

საქართველოს ელჩმა ისლანდიის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი თანამშრომლობის გამო და ყურადღება გაამახვილა ისლანდიის მხრიდან საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერაზე. ასევე, გიგი გიგიაძემ გამოხატა მადლიერება ქართველი მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის დაჯილდოების საკითხში ისლანდიის პრეზიდენტის მხრიდან პირადი ჩართულობისა და გაწეული ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ისლანდიურ უწყებების მხრიდან საელჩოსთან აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას.
ისლანდიის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე მსოფლიოში პატარა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე და მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს განვლილი ოთხი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისთვის, რამაც ხელი შეუწყო ისლანდიასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობებისა კიდევ უფრო გამყარებას. ასევე, ისლანდიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქართული კულტურისა და მეღვინეობის მიმართ მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. გუდნი იოჰანესონი დაინტერესდა საქართველოში პანდემიასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობით და იმედი გამოთქვა, რომ ორივე ქვეყანა უახლოეს მომავალში დაძლევს პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.