საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა სამშობლოში მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე ისაუბრა

მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა იმ სამ მიმართულებაზე, რომლითაც არსებულ სიტუაციაში შეუძლიათ ისარგებლონ სამშობლოში დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა: 
 
1) სპეციალური რეისები, რომელიც კვლავ აღდგა. სპეცრეისები განხორციელდება 2 ავიაკომპანიასთან ერთად - „Wizz Air“ და „Myway“. ეს რეისები არის სუბსიდირებული სახელმწიფოს მხრიდან და მათი ფასი არ აღემატება 200 ევროს. მათი მიმართულებებია ვარშავა, ათენი, რომი, მადრიდი - ყველა ამ მიმართულებიდან განხორციელდება სპეცლიალური რეისი ჩვენი მოქალაქეების ეტაპობრივი დაბრუნებისათვის;
 
2) ეკონომიკის სამინისტრო არის მოლაპარაკების რეჟიმში ავიაკომპანიებთან, რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. უკვე არის დადასტურებული, რომ აგვისტოს პირველი რიცხვებიდან „Lufthansa“ განაახლებს რეგულარულ ფრენებს -კვირაში განხორციელდება ორი რეისი. ასევე მიდის მოლაპარაკებები „Air Baltic“-თან და „Air France“-თან აგვისტოს თვიდან რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით; 
 
3) ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ შეასრულებს კომერციულ ჩარტერულ რეისებს ვენიდან, ამსტერდამიდან და თელ-ავივიდან.
 
„მინდა დავაწყნარო ჩვენი თანამემამულეები, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს პროცესი გახანგრძლივდეს - ეს არ იქნება მხოლოდ ივლისის თვეში, ის შესაძლებელია გახანგრძლივდეს აგვისტოში და სექტემბერშიც. ეს იქნება დაფუძნებული იმ ინფორმაციაზე და ანალიზზე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ საქართველოს საელჩოებიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, იმის შესახებ თუ სად გროვდება კრიტიკული მასა ადამიანების, ვისაც აქვს სამშობლოში დაუყოვნებლივ დაბრუნების სურვილი და შესაძლოა ეს მიმართულებებიც, გამომდინარე ამ ინფორმაციიდან, გადაიხედოს. მაგრამ ივლისში, აგვისტოში და სექტემბერშიც ეს სპეცრეისები გაგრძელდება“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.