საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის გამარჯვებული

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ულოცავს მარიამ შონიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ახალგაზრდა ელჩების“ პროგრამის კონკურსში გამარჯვებას და მოხარულია, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში, დანიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის რანგში, მარიამს საშუალება ექნება არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განახორციელოს საქართველოს საელჩოსთან ერთად. დიდი იმედი გვაქვს, რომ მარიამი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და მისი ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს დანიის სამეფოში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

მარიამი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ამჟამად, ის კოპენჰაგენის უნივერსიტეტში სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე უსაფრთხოების რისკების მენეჯმენტის სპეციალობით. 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით მარიამმა წარმატებით გაიარა სტაჟირების პროგრამა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში. 2019 წლიდან კი მუშაობს სკანდინავიურ ერთ-ერთ უდიდეს ბანკ „ნორდეა“-ს სანქციების შესახებ საკონსულტაციო დეპარტამენტში, რომელიც ფინანსური დანაშაულის აღმოფხვრას ემსახურება.