საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2019 წლის 24 მაისს, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ოფოციალურ მიღებას ესწრებოდნენ დანიის სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტების, კოპენჰაგენში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, აკადემიური, კულტურული და ბიზნეს წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიება დანიისა და საქართველოს ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა, რომელიც ქართული ანსამბლის „შავნაბადას“ მიერ შესრულდა.

მისასალმებელ სიტყვაში დანიის სამეფოში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვანი დღის საქართველოსთან ერთად აღნიშვნისთვის. საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ისაუბრა დემოკრატიული საქართველოს მიღწევებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და დანიას შორის არსებულ მზარდ ორმხრივ თანამშრომლობაზე და მადლიერება გამოხატა დანიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ასპირაციის მუდმივი მხარდაჭერისათვის.

მიღების დროს დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა ანსამბლ „შავნაბადას“ მიერ შესრულებული ხალხური სიმღერები და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და კერძები.