საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, დანიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში კარსტენ გრონბექ-იენსენი.
 
მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულ ხასიათთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს არსებული პლატფორმის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით. აღინიშნა, რომ საქართველოსა და დანიას ბევრი საერთო აქვთ, როგორც ტეროტორიისა და მოსახლეობის, ასევე ღირებულებების კუთხით. ისინი მიესალმნენ ორ ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელ დინამიკას, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღნიშნეს წარმატებული ინტერაქცია როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ (NB8) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
 
ვახტანგ მახარობლიშვილმა დანიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა დანიის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.
 
ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში დანიის მიერ გაწეული დახმარების გამო, რომელიც ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით გაესვა ხაზი “დანიის სამეზობლო პროგრამის - DANEP”-ის ფარგლებში (2017-2021 წ.წ.), საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია.
 
კონსულტაციების ფარგლებში, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თუმცა, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა დანიელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პირდაპირი ფრენების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ კოორდინირებული ქმედებებით, ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების ამოქმედებას.
ყურადღება გამახვილდა სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, კერძოდ, თავდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.
 
კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი, საგზაო რუკა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. დანიის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. კარსტენ გრონბექ-იენსენმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა.
 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებზე და ალიანსთან ინტეგრაციის არსებულ ინსტრუმენტებზე. დანიელმა დიპლომატმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და აღნიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. 
 
მინისტრის მოადგილემ დანიელ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებსა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მნიშვნელობაზე კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის აღკვეთის კონტექსტში. ხაზი გაესვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით.  
 
ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პარალელურად, განხილულ იქნა შავი და ბალტიის ზღვის რეგიონში არსებული ვითარება, უსაფრთხოების გამოწვევები და გლობალური პრობლემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთიან ხედვას საერთაშორისო გამოწვევებთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ კოორდინირებულ ქმედებებზე.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.