საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფოტო გამოფენა სახელწოდებით "რუსული ოკუპაციის 10 წელი"

2018 წლის 25 სექტემბერს დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში, რუსეთ-საქართველოს ომის მეათე წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ფოტო გამოფენა სახელწოდებით "რუსული ოკუპაციის 10 წელი". გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა სხვადასხვა პერიოდში საქართველოში გადაღებული სურათები, რომლებიც გადმოსცემენ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს წინააღმდეგ დაწყებული შეუნიღბავი რუსული აგრესიის ისტორიას და ასახავენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცოცავ ოკუპაციას.
ფოტო გამოფენას ესწრებოდნენ კოპენჰაგენში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, დანიისა და შვედეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს წევრები.
საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს შეახსენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ქრონოლოგია. ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე დაწყებული რუსული აგრესიის კულმინაციას, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის პირდაპირი ოკუპაცია. 
კონფლიქტის შედეგად, ბოლო 25 წლის მანძილზე მრავალი ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად ეთნიკური ქართველები გამოდევნილ იქნენ საცხოვრებელი სახლებიდან და ლტოლვილებად იქცნენ საკუთარ სამშობლოში. მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი უფლებას არ რთავს საერთაშორისო დამკვირვებლებს შევიდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე, სადაც უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების მცოცავ ოკუპაციას და მავთულხლართებით ცდილობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ადამიანების დანარჩენი საქართველოს ტერიტორიისგან იზოლაციას.