საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 29 ივნისს რეიკიავიკში, ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

2018 წლის 29 ივნისს რეიკიავიკში, ისლანდიის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა ქართველი ლინგვისტისა და მთარგმნელის, გრიგოლ მაჭავარიანის ღირსების ორდენით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, გუდნი იოჰანესონმა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ.

გრიგოლ მაჭავარიანს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისლანდიაში ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის პროცესში. ის დღემდე რჩება ერთადერთ ქართველ მთარგმნელად, რომელიც სრულყოფილად ფლობდა ისლანდიურ ენას და ისლანდიურად თარგმნიდა როგორც ქართულ მხატვრულ ლიტერატურას, ასევე ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ისლანდიის პრეზიდენტმა გაიხსენა მისი პირადი მეგობრობა ისლანდიაში ყველასთვის კარგად ცნობილ, ქართველ ლინგვისტთან და სტუმრებს წაუკითხა ამონარიდი გრიგოლ მაჭავარიანის მიერ, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, მისთვის ისლანდიურ ენაზე მიწერილი წერილიდან, სადაც ის ისლანდიისა და ისლანდიური ენისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც განსაკუთრებით თბილ გარემოში გაიმართა, ღირსების ორდენი გადაეცა გრიგოლ მაჭავარიანის მეუღლეს, ქალბატონ ირმა მაჭავარიანს.