საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის ფილმების ჩვენება

მიმდინარე წლის 5 ნოემბერს, დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის Giorgi Tavartkiladze ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის - ცუდი ხალხი-სა და ერთი საათი- ჩვენება. ეს უკანასკნელი 2021 წლის აგვისტოში ოდენსეს ფილმის ფესტივალზე (OFF) წარდგენილი 3000-ზე მეტი ფილმიდან საბოლოო პროგრამაში მოხვდა 122 რჩეულ ფილმს შორის.

ღონისძიების ფარგლებში შეკრებილ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა დანიის სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ორივე ფილმის მდიდარ შინაარსობრივ დატვირთვას. ვიდეო ჩართვის საშუალებით მაყურებელს ესაუბრა თავად რეჟისორი, გიორგი თავართქილაძე, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნის ისტორია და ყურადღება გაამახვილა შინაარსობრივ თავისებურებებზე.

მოკლე ქრონომეტრაჟის მიუხედევად, ორივე ფილმი შინაარსობრივად ტევადი და მრავლისმთქმელია. ქართული დიასპორის მოწონება დაიმსახურა რეჟისორის მიდგომამ, სატირისა და იუმორის საშუალებით წინ წამოსწიოს სერიოზული და გარკვეულ შემთხვევებში ტრაგიკული პროცესებიც კი. შესაბამისად, ფილმები მაყურებელში ერთდროულად იწვევს ემოციებს, მაგრამ ამავდროულად ღრმად აფიქრებს მას საქართველოს თანამედროვეობისთვის დამახასიათებელ არაერთ საკითხზე.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა მცირე მიღება, რომელზე დამსწრე საზოგადოებასაც შესაძლებლობა ქონდა, დააგემოვნებინა ქართული ღვინო, კერძები და ერთმანეთისთვის გაეზიარებინა ფილმებით მიღებული შთაბეჭდილებები და ემოციები.