საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ოლბორგის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ, კურტ ბენეტსენთან.

დანიის სამეფოში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, კახაბერ შიშნიაშვილმა და საელჩოს პირველმა მდივანმა, ვასილ კუჭუხიძემ, დანიის ქალაქ ოლბორგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს ოლბორგის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ, კურტ ბენეტსენთან. დანიაში მოქმედი სამი სავაჭრო პალატიდან ერთ-ერთი სწორედ ოლბორგში გახლავთ განთავსებული და ის ჩრდილოეთ იუტლანდის რეგიონში დაფუძნებულ 700-ზე მეტ, სხვადასხვა მასშტაბის კომპანიას აერთიანებს.

შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა პრეზენტაცია გააკეთეს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობების, საგადასახადო სისტემის, კვალიფიციური მუშა-ხელის, ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით არსებული კანონმდებლობისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების შესახებ, რაც საერთო ჯამში ქვეყანაში ინვესტირებისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის. ასევე, კახაბერ შიშნიაშვილმა ისაუბრა საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და ტურიზმის სექტორზე.

თავის მხრივ, კურტ ბენეტსენმა საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს გააცნო სავაჭრო პალატის პრიორიტეტები, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მდგრად განვითარებასა და მწვანე ეკონომიკაზე. მან წარმოადგინა განახლებადი ენერგიის სფეროში მომუშავე 14 კომპანია, რომლებიც დაინტერესებას გამოხატავენ საკუთარი საქმიანობის ახალ რეგიონში გაფართოების მიმართ.

დაიგეგმა ოლბორგის სავაჭრო პალატაში გაერთიანებულ დანიურ კომპანიებთან ფართომაშტაბიანი შეხვედრის გამართვა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მოხდება მათი ინტერესების იდენტიფიცირება და საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობის განხილვა.