საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის საელჩოში გამართული სემინარი

2019 წლის 11 დეკემბერს, დანიის ევროპული მოძრაობის ორგანიზებით გაიმართა სემინარი ევროპის საბჭოს შესახებ. ღონისძიებაზე მომხსენებლებად წარმოდგენილი იყვნენ დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე და საფრანგეთის ელჩი კაროლინ ფერარი, როგორც ორგანიზაციის მიმდინარე და ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნების ელჩები. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის ვიცე დირექტორი ლუიზ ჰოლკი.

საკუთარ მოხსენებაში გიგი გიგიაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს საკუთარი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვასა და განმტკიცებაში. ასევე, საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმ ოთხ პრიორიტეტზე, რომელიც საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის განსაზღვრა:
► ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
► სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
► ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
► დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

 

გარდა ამისა, გიგი გიგიაძემ ისაუბრა იმ მომავალი ღონისძიებების შესახებ, რომელსაც საქართველო გეგმავს ზემოხსენებული პრიორიტეტებისა და ევროპის საბჭოს ძირითადი ამოცანების განხორციელების მიზნით.

ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რამაც საქართველოს ელჩს საშუალება მისცა, უფრო დეტალურად ესაუბრა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მიზნებსა და ამოცანებზე.